რუსეთის ტყვეობიდან 100 უკრაინელი ჯარისკაცი გათავისუფლდა

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების 51-ე გაცვლა ჩაატარეს. უკრაინის სახალხო დამცველმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ 100 უკრაინელი ჯარისკაცი შინ დაბრუნდა. 

გათავისუფლებულ სამხედროებს შორის არის უკრაინის ეროვნული გვარდიის 49 სამხედრო, 25 მესაზღვრე, უკრაინის შეიარაღებული ძალების 26 სამხედრო მოსამსახურე.

ყველა გათავისუფლებული რიგითი და სერჟანტი იყო, მათგან 84 მარიუპოლს იცავდა, დანარჩენებმა საბრძოლო მისიები დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით შეასრულეს.

გათავისუფლებულთაგან სულ მცირე 28 დაშავებულია ან მძიმედ არის დაავადებული. ყველაზე უფროსი 62 წლის იყო, უმცროსი კი - 20-ის.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, 3135 უკრაინელი სამხედრო უკვე გათავისუფლდა რუსეთის ტყვეობიდან.

უკრაინის ხელისუფლებამ შუამავლობისთვის მადლობა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები