რუსეთის ვიცე-პრემიერის ოჯახს 50 მილიარდი რუბლის ქონება აღმოუჩინეს

ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს, ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას ოჯახის აქტივების შესახებ. ოპოზიციონერის წარმომადგენლების თქმით, თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის ქონების ღირებულება მინიმუმ 50 მილიარდ რუბლს შეადგენს.

"ტატიანა გოლიკოვას პირადი ქონება მეტია, ვიდრე სვერდლოვსკის რეგიონის მთელი ხარჯი ჯანდაცვაზე, ეს არის მთელი კალუგის რეგიონის ხუთი წლის ბიუჯეტი ჯანდაცვაზე", - აცხადებენ გამოძიების ავტორები.

უძრავი ქონება, ინვესტიციები და გოლიკოვების ოჯახის თვითმფრინავი

ნავალნის გუნდის თქმით, გოლიკოვას ოჯახი ფლობს თვითმფრინავს, გოლფის კლუბს ესპანეთში და სამ გოლფის კლუბს რუსეთში, რამდენიმე ვილას ესპანეთსა და პორტუგალიაში, უძრავ ქონებას საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე და რუსეთში, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებში წილებს. 

კერძოდ, გამოძიება ამბობს, რომ გოლიკოვას ოჯახი შემოსავალს იღებს რუსეთის ფედერაციაში წარმოებული Sputnik V-ის კორონავირუსის ვაქცინით, რომლის წილსაც ფლობს კომპანია Generium.

ФБК: გოლიკოვა ცხოვრობს სახლში, რომლის ღირებულებაც ნახევარი მილიარდი რუბლია

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ФБК) გამოძიება ამტკიცებს, რომ ტატიანა გოლიკოვა მოსკოვის რეგიონში 1800 კვ. მ. ფართობის სახლში ცხოვრობს. მისი ღირებულება ნახევარ მილიარდ რუბლს შეადგენს. ტერიტორიაზე, სხვა შენობებთან ერთად, არის მოსამსახურეების სახლი 430 კვადრატული მეტრი ფართობით, ავტოფარეხი, კასკადური აუზები და ჩანჩქერები. ფორმალურად, გამომძიებლების თქმით, სახლი გოლიკოვას ქმარს, ვიქტორ ხრისტენკოს ეკუთვნის.

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერს, ნავალნის გუნდის ინფორმაციით, 32 მილიონი დოლარის ღირებულების პირადი თვითმფრინავი Bombardier Challenger 600-იც აქვს.

მისი ქმარი ფლობს სამ გოლფის კლუბს რუსეთში (მოსკოვის რეგიონში და სანკტ-პეტერბურგის მახლობლად). კიდევ ერთი გოლფის კლუბი, რომელიც გოლიკოვების ოჯახს აქვს, ესპანეთში მდებარეობს. მის ტერიტორიაზე, სხვა უძრავ ქონებასთან ერთად, არის აგარაკი და კიდევ ხუთი ვილა შენდება.

ესპანეთში, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ოჯახი ასევე ფლობს კიდევ ერთ ვილას, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი ევროა. გარდა ამისა, გამოძიების თანახმად, მისი ოჯახი პორტუგალიაში ორ ვილას ფლობს.

ნავალნის გუნდი ტატიანა გოლიკოვას ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჩინოვნიკად ასახელებს. "ჩვენ, კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, გოლიკოვას სანქციების სიაში დაუყონებლივ შეყვანას მოვითხოვთ", - აცხადებენ გამოძიების ავტორები.

მსგავსი სიახლეები