რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სამხედრო დახმარების სანაცვლოდ 600 ათას ტონა ბრინჯს გაუგზავნის

ჩრდილოეთ კორეამ დიდწილად მოაგვარა თავისი ფინანსური და სასურსათო კრიზისი რუსეთის მხრიდან მიღებული "კომპენსაციის" წყალობით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ამის შესახებ სამხრეთ კორეულმა გაზეთმა The Korea Herald-მა კვირას, 3 ნოემბერს, რუსეთში კორეის რესპუბლიკის ყოფილ ელჩზე, ვი სეონგ ლაკზე დაყრდნობით დაწერა.

ლაკის თქმით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას 600 000-დან 700 000 ტონამდე ბრინჯს სთავაზობს. ყოფილი ელჩი რამდენიმე დღის წინ გაეცნო სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (NIS) მონაცემებს პარლამენტის დაზვერვის კომიტეტში გამართულ ბრიფინგზე.

ყოფილმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ წარსულში მოსკოვი ფხენიანს 50 000-დან 100 000 ტონამდე ბრინჯს უგზავნიდა.

ლაკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა წელიწადში ოთხ მილიონ ტონა მარცვლეულს აწარმოებს. თუმცა, ეს ერთი მილიონი ტონით ნაკლებია, ვიდრე მოსახლეობის გამოკვებისთვისაა საკმარისი.

მოსკოვის მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეას წლიური დეფიციტის ნახევარზე მეტის შევსება შეუძლია. ყოფილი დიპლომატის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ჯარების მონაწილეობა უკრაინის ომში "სულაც არ არის ცუდი შეთანხმება."

სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის მხარეს უკრაინაში მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ყოველთვიურად დაახლოებით 2000 აშშ დოლარს მიიღებენ.

სამხედროების გარდა, ამჟამად რუსეთში დაახლოებით 4000 ჩრდილოკორეელი სამოქალაქო პირია. დაზვერვის სამსახურის აზრით, მათი საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 800 დოლარია.

მსგავსი სიახლეები