რუსეთმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციონერებზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციონერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ვითარების არსი: საქმე აღძრულია სამი "ოპოზიციონერის", - კან კვარჩიას, ეშსოუ კაკალიასა და ხინ დუმაას წინააღმდეგ.
- რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ანკეტის მიხედვით, "ოპოზიციონერებს" ძარცვა ედებათ ბრალად. საქმის მასალების მიხედვით ეჭვმიტანილებმა რუსეთის ფედერაციის სამ მოქალაქეს ძალის გამოყენებით 1 975 000 რუბლის (დაახლოებით $25 000)ოდენობის თანხა წაართვეს.
- რუსეთში სამივე პირზე ფედერალური ძებნაა გამოცხადებული.
- შსს-ს სოჭის სამმართველოს განცხადების თანახმად შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა.
- რუსულმა მხარემ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას საქმის დეტალები უკვე გააცნო.
სიღრმისეულად: ნოემბრის დასაწყისში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ადმინისტრაციულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე "ოპოზიციონერი", მათ შორის კან კვარჩია, თავს დაესხა რუს პოლიტტექნოლოგებს, რომლებიც მარიონეტული რეჟიმის საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ.
- თავდამსხმელების განმარტებით, პოლიტტექნოლოგები "აფხაზეთის კანონმდებლობას" არღვევდნენ. წარსულში რუსი სპეციალისტები ასევე მუშაობდნენ ანექსირებულ ლუჰანსკის ოლქშიც.
- კვარჩია ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატია. წარსულში მას და კიდევ ერთ "ოპოზიციონერს", ლევან მიკაას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
- მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი გახდა "საზოგადო-პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაცია, რომელმაც რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობა გაზარდა".
- გარდა ამისა, 2024 წლის 19 დეკემბერს კვარჩია ე.წ. პარლამენტის შენობაში მომხდარი სროლის დროს დაიჭრა, რომელიც მისმა კოლეგამ, ადგურ ხარაზიამ მოაწყო. სროლის შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი "დეპუტატი" ვახტანგ გოლანძია.