რუსეთმა ირანის ყველაზე დახვეწილი სატელიტი კოსმოსურ ორბიტაზე გაიყვანა

РОСКОСМОС-ის კუთვნილი ბაიკანურის კოსმოდრომიდან რუსულმა რაკეტამ კოსმოსურ ორბიტაზე გაიყვანა ირანის ყველაზე დახვეწილი და ტექნოლოგიურად მოწინავე სადაზვერვო სატელიტი. 

სატელიტის გაშვებას წინ უძღოდა ვლადიმირ პუტინის ვიზიტი თეირანში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პირველი გასვლა იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. 

ირანული მხარის ცნობით, სატელიტის გაშვება ქვეყნებს შორის გაფორმებული 4-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმების ნაწილია, რომელიც კოსმოსში ორი ქვეყნის თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

თავის მხრივ სატელიტის გაშვებას გამოეხმაურა РОСКОСМОС-ის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი იური ბორისოვიც. მისი თქმით, ირანული სატელიტის გაშვება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წერტილია და გზას ხნის მომავალი უფრო ფართო თანამშრომლობისთვისაც. 

კონტექსტი

სატელიტი სახელწოდებით "ხაიამი" ჯერჯერობით ირანის ყველაზე დახვეწილი და ტექნოლოგიურად მოწინავე სატელიტია, რომელიც აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის კამერით. სამხედრო ექსპერტების აზრით სატელიტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ირანის სადაზვერვო შესაძლებლობებს და მას საშუალებას მისცემს დააკვირდეს მათ შორის ისრაელს და უფრო ფართო რეგიონს ახლო აღმოსავლეთში. 

ზოგი სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული სატელიტი ირანის დაზვერვისთვის ნამდვილ გარღვევას წარმოადგენს, ხოლო ირანის მთავარ მოწინააღმდეგეს ისრაელს ტექნოლოგიურ უპირატესობას შეუმცირებს.

ირანის კოსმოსური სააგენტო ირწმუნება, რომ სატელიტი არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის და ის სოფლის მეურნეობისა და სხვა საყოფაცხოვრებო ამოცანების გადასაჭრელად არის საჭირო.

მიუხედავად ამისა, სატელიტის გაშვება ზეიმით აღნიშნა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორსპუსთან დაკავშირებულმა მედიებში, სადაც იწერებოდა, რომ სატელიტის გამოყენებით ირანს შეეძლება დააკვირდეს აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ბაზებს. 

ირანელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ სატელიტის წარმატებული გაშვება იმის დასტურია, რომ დასავლეთი ვერ შეაჩერებს ირანს სანქციებით და წინ ვერ აღუდგება ირანის ტექნოლოგიურ პროგესს. 

სატელიტის ორბიტაზე გაყვანის შემდეგ ის სამართავად ირანელ მეცნიერებს გადაეცათ. ირანის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, სატელიტის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე წვდომა არცერთ სხვა სახელმწიფოს არ ექნება. 

სატელიტი რუსული წარმოებისაა - ის ირანის დაკვეთით РОСКОСМОС-მა მოამზადა. კოსმოსური ტექნოლოგიების კუთხით ირანი კრიტიკულად დამოკიდებულია რუსეთზე - თავისი რესურსებით ირანმა ორბიტაზე მხოლოდ 50 კილოგრამიანი და ნაკლებად ეფექტური სატელიტების გაყვანა შეძლო, მაშინ როდესაც "ხაიამის" წონა 500 კილოგრამს შეადგენს. 

ირანმა თავისი სატელიტის კოსმოსურ ორბიტაზე გაყვანა პირველად 2009 წელს სცადა, თუმცა 2019 წლამდე პერიოდში ირანის მცდელობების 67% კრახით სრულდებოდა. მაშინ როდესაც სატელეტების წარმატებული გაშვების მაჩვენებელი მსოფლიოში საშუალოდ 95%-ის ფარგლებში მერყეობს. 

უფრო მეტის გასაგებად ირანისა და რუსეთის ურთიერთობებზე შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენ პოდკასტს არასაფრენი ზონა - "პუტინი ირანში: გარიყულთა მეგობრობა".

მსგავსი სიახლეები