რუსეთმა, სავარაუდოდ, დაიპყრო სოლედარი, მაგრამ ბახმუტის ალყისთვის უკეთესი პოზიციები არ აქვს - ISW
რუსმა დამპყრობლებმა, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქში სოლედარი აიღეს. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 12 იანვარს ოპერატიულ ანალიზში წერს.
ღია წყაროების საფუძველზე, მათ შორის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების გეოლოკაციით, სამხედრო ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსებმა მოახერხეს უკრაინის არმიის განდევნა ქალაქის დასავლეთ გარეუბნებიდან და მათ შეუძლიათ გააკონტროლონ მთელი ქალაქი ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და სხვა მაღალჩინოსანმა სამხედრო წყაროებმა არ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა 12 იანვარს სოლედარზე რუსული თავდასხმები მოიგერიეს, როგორც ეს ადრე გააკეთეს. ყველა არსებული მონაცემი მიუთითებს, რომ უკრაინის შეიარაღებულს ძალებს აღარ აქვს ორგანიზებული თავდაცვა სოლედარში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პროპაგანდა რუსეთის ფედერაციაში აზვიადებს სოლედარის მნიშვნელობას. ISW-ში ქალაქის აღებას "პიროსის ტაქტიკურ გამარჯვებას" უწოდებენ. სამხედრო ექსპერტები კვლავ თვლიან, რომ 15 კმ²-ზე ნაკლები ფართობის დასახლების აღება, ოკუპანტებს არ მისცემს საშუალებას დაამყარონ კონტროლი ბახმუტის კრიტიკულად მნიშვნელოვან გზებზე და არ გააუმჯობესებს მათ პოტენციალს უახლოეს მომავალში ქალაქის ალყაში მოქცევისთვის.
"რუსულმა ჯარებმა შეიძლება გადაწყვიტონ, შეინარჩუნონ შეტევის მაღალი ტემპი ბახმუტის რაიონში, მაგრამ მათი საბრძოლო შესაძლებლობების შემცირება და შეგროვებული ძალების ამოწურვა, არ მისცემთ საშუალებას ამ თავდასხმებს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს", - ვკითხულობთ ანალიზში.