რუსეთმა, სავარაუდოდ, ირანიდან დრონების ახალი პარტია მიიღო - ISW

რუსეთის ჯარებმა კვლავ დაიწყეს უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების აქტიური გამოყენება. ამ ინფორმაციას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 10 დეკემბერს, ყოველდღიურ მიმოხილვაში ავრცელებს.

მისი ექსპერტები მიუთითებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის 10 დეკემბრის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ რუსმა სამხედროებმა ირანული დრონებით, Shahed-136-ებით და Shahed-131-ებით, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში 15 თავდასხმა განახორციელეს.

ოდესაში, 10 დეკემბერს, ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გარდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისა.

თავის მხრივ, ISW-მა დააფიქსირა, რომ 7 დეკემბერს, რუსმა სამხედროებმა, სამკვირიანი შესვენების შემდეგ, განაახლეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება უკრაინის სამიზნეებზე თავდასხმისთვის.

რამდენიმე დღით ადრე, ამერიკულმა ტელეარხმა NBC News-მა, თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება დრონების მიწოდების სანაცვლოდ, ირანს სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას უპრეცედენტო დონეზე უწევს.

ISW თვლის, რომ რუსეთის ჯარებმა მიიღეს უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტია ირანიდან ან უახლოეს მომავალში ელოდებიან. ასევე შესაძლებელია, რომ რუსეთის ჯარებმა შეძლეს უპილოტო თვითმფრინავების დაგროვება იმ სამ კვირაში, როდესაც ისინი არ გამოუყენებიათ. გარდა ამისა, ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდებენ, რომ ირანში წარმოებულ დრონებს ზამთრის პირობებში სამოქმედოდ მოდიფიცირება სჭირდებოდა.

მსგავსი სიახლეები