რუსეთს შავ ზღვაში ექვსი სამხედრო ხომალდი შეჰყავს
უკრაინის გარშემო სამხედრო მობილიზაციის ფონზე რუსეთს შავ ზღვაში 6 სამხედრო ხომალდი შეჰყავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბალტიის და ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდები შავ ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
ხმელთაშუა ზღვიდან ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში ხომალდები კოროლიოვი, მინსკი, კალინინგრადი, პიოტრ მორგუნოვი, გიორგი პობედონოსეცი და ოლენოგორსკი გორნიაკი შევლენ.
ბოსფორის სრუტეში ნაოსნობას თურქეთი აკონტროლებს, რომელსაც, ომის შემთხვევაში, სამხედრო ხომალდებისთვის ტრანზიტის აკრძალვა შეუძლია.
რუსეთი უკრაინის საზღვრებთან და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებული ძალების თავმოყრას აგრძელებს. უკრაინული მხარის თანახმად, მობილიზებული სამხედროების რაოდენობამ 140 000-ს გადააჭარბა.