რუსეთში ამბოხების დროს გერმანიის დაზვერვა პრიგოჟინს და ლუკაშენკას უსმენდა
გერმანიის ფედერალურ დაზვერვის სამსახურს (BND), რუსეთში აჯანყების დროს, შეეძლო წვდომა ჰქონოდა ვაგნერის ლიდერის ევგენი პრიგოჟინისა და ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას საუბრებზე.
ამის შესახებ გერმანული მაუწყებლების WDR-ის და NDR-ის ერთობლივ გამოძიებაშია ნათქვამი.
მედიის ცნობით, გერმანულმა დაზვერვამ მოისმინა ვაგნერელთა ლიდერისა და ლუკაშენკას სატელეფონო საუბრები, როდესაც ისინი რუსეთში აჯანყების დასრულების პირობებს განიხილავდნენ.
ასევე, WDR და ARD აღნიშნავენ, რომ მოვლენებამდე ერთი კვირით ადრე, გერმანიის დაზვერვის ოფიცრებს ბუნდოვანი მტკიცებულებები ჰქონდათ რუსეთში შესაძლო აჯანყების შესახებ და ინფორმაციის დადასტურებას პარტნიორებთან ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ - და ამიტომ ამის შესახებ კანცლერ ოლაფ შოლცს არ შეატყობინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, BND-ის პირველი გაფრთხილება მოვლენების შესახებ გერმანიის მთავრობას პარასკევს საღამოს გაეგზავნა - ერთი დღით ადრე, სანამ ვაგნერის სამხედროებმა რუსული სამხედრო ობიექტები და რუსეთის ქალაქი როსტოვი დაიკავეს.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა შიდა აუდიტი დაიწყო, რადგან ვერ შეძლო რუსეთში აჯანყების პროგნოზირება და მის ხელმძღვანელს ბრუნო კალს, სავარაუდოდ, გადადგომა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თვლის, რომ რუსეთში წარუმატებელმა ამბოხებამ დაასუსტა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველია.