რუსეთში მკვეთრად გაიზარდა არყის და სხვა ალკოჰოლური სასმელის მოხმარება

რუსეთის ფედერაციაში, იანვარ-მარტის მონაკვეთში მკვეთრად გაიზარდა არყის გაყიდვები. მოცემულ პერიოდში რუსეთში სულ 18.1 მილიონი დეკალიტრი არაყი გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.2%-ით მეტია. 

მხოლოდ მარტში არყის მოხმარება 10.4%-ით არის გაზრდილი, რაც წლიურ გამოსახვაში 6.4 მილიონი დეკალიტრით მეტია. სხვა მაჩვენებლებით საუბარია 128 მილიონ ნახევარლიტრიან არყის ბოთლზე ერთი თვის განმავლობაში და 362 მილიონ ლიტრ არაყზე კვარტლის განმავლობაში. 

ეს რიცხვები განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ჩატარებული ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა 146 მილიონს შეადგენს. 

საყურადღებოა, რომ მკვეთრად გაიზარდა სხვა ტიპის მძიმე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებიც. ასე მაგალითად 7-დან 20 მარტის პერიოდში რუსეთში 60%-ით უფრო მეტი ჯინი გაიყიდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. 15%-ით არის გაზრდილი ლუდის გაყიდვებიც.

რუსეთში პრემიუმ ხარისხის ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორების თქმით, გაზრდილი გაყიდვები აჟიოტაჟურ მოთხოვნას უკავშირდება - გაურკვევლობის პირობებში მომხმარებლები პროდუქციის მომარაგებას ცდილობენ. 

გაზრდილი მოთხოვნის კიდევ ერთ მიზეზად ალკოჰოლის გაყიდვის კერძო ადგილებში - ბარებსა და რესტორნებში - გაზრდილ ფასებსაც ასახელებენ.  

 

მსგავსი სიახლეები