რუსეთში უკრაინაში ომის დასრულებამდე არჩევნების გაუქმება სურთ

პარტია "სამართლიანი რუსეთის" თავმჯდომარე სერგეი მირონოვმა სახელმწიფო დუმას 11 სექტემბერს ჩასატარებელი არჩევნების "სპეციალური ოპერაციის" დასრულებამდე გადადება შესთავაზა. პუტინის პარტიის, "ერთიანი რუსეთის" გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა საპასუხოდ განაცხადა, რომ საარჩევნო ბრძოლა ადგილებზე არ შეარყევს პუტინის საერთო მხარდაჭერას.

2022 წლის 11 სექტემბერს რუსები აირჩევენ 15 გუბერნატორს, რეგიონალური და მოსკოვის საბჭოების დეპუტატებს. მოსკოვში მუნიციპალური არჩევნები 125 ოლქში ჩატარდება.

მირონოვმა განაცხადა, რომ არჩევნები უნდა გაუქმდეს და თანხები ჯარს გადაერიცხოს.

"რატომ დავხარჯოთ ბევრი ფული? გავუგზავნოთ ფული სამხედროებს, გათავისუფლებულ ტერიტორიებს. დაველოდოთ მათ, როცა გამარჯვებით დაბრუნდებიან, მაშინ ჩავატარებთ არჩევნებს. იყვნენ კანდიდატები და ამომრჩევლები." - თქვა მან.

ტურჩაკმა მხარი არ დაუჭირა ამ მოსაზრებას და თქვა, რომ რუსეთში ძალაუფლების წყარო ხალხი არის და არ უნდა ჩამოერთვას ეს უფლება.

"პოლიტიკური კონკურენცია ქვეყანას კი არ ასუსტებს, პირიქით, აძლიერებს. მეტიც, ყველა მხარე თანხმდება მთავარზე - სპეციალური სამხედრო სპეცოპერაციის მხარდაჭერაზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საარჩევნო კამპანიამ შეარყიოს ეს კონსენსუსი". - განაცხადა პუტინის პარტიის ლიდერმა.

რადიო DW სიტუაციის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ გასულ კვირას რუსეთში ოთხმა გუბერნატორმა თანამდებობა ერთდროულად დატოვა, კიდევ ერთმა კი სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. DW-ის მიერ გამოკითხული პოლიტოლოგები თვლიან, რომ ეს გადადგომები არ იყო მოულოდნელი - ასე ათავისუფლებს კრემლი კანდიდატებს, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვთ.

მსგავსი სიახლეები