რუსი ბიზნესმენის კუთვნილი იახტა იტალიის სანაპიროსთან ჩაიძირა
21 აგვისტოს ღამით, 39 მეტრიანი იახტა Life Saga კუნძულ სიცილიასთან ჩაიძირა, წერს Daily Mail. იტალიური პორტალი La Gazzetta Del Mezzogiorno-ს ცნობით, მისი მფლობელი რუსი ბიზნესმენი და Kuzbassrazrezugol-ის თანამფლობელი გენადი აივაზიანია.
შემთხვევა ქალაქ მილაცოს მახლობლად მოხდა. კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ იახტაზე წყლის შესვლა დაიწყო. შემდეგ გემის კაპიტანმა განგაშის სიგნალი მისცა და სანაპირო დაცვამ ოთხი მგზავრის და ეკიპაჟის ერთი წევრის ევაკუაცია მოახდინა.
კიდევ ოთხი ადამიანი ბორტზე პრობლემის მოსაგვარებლად დარჩა. თუმცა, მეორე დღეს Life Saga-მ ჩაძირვა დაიწყო და იახტაზე დარჩენილი ადამიანების ევაკუაციაც მოუწიათ.
მაშველები ცდილობდნენ იახტის ნაპირზე გაყვანას, მაგრამ ვერ შეძლეს და ის ჩაიძირა.
Life Saga 2007 წელს მონაკოში Monaco Yachting & Technologies-ის მიერ აშენდა. იახტის ღირებულება 50 მილიონ დოლარად არის შეფასებული.