რუსი კონტრადმირალის შვილი კრეისერ "მოსკვაზე" გარდაიცვალა

შავი ზღვის ფლოტის დივიზიის მეთაურის, კონტრადმირალ ოლეგ კრივოროგის ვაჟი ვალერი კრივოროგი, სავარაუდოდ, კრეისერ "მოსკვაზე" გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი გამოცემა "Агентство" 27 ივლისს Telegram-ზე სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ოლეგ კრივოროგი შავი ზღვის ფლოტის გემების 30-ე დივიზიას მეთაურობს, რომელშიც ასევე შედიოდა კრეისერი "მოსკვა", იმ დროს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი.

თავის მხრივ, 37 წლის ვალერი კრივოროგი კრეისერზე ლეიტენანტის წოდებით მსახურობდა და 2019 წელს ფლოტის შტაბის კონტროლის უზრუნველყოფის ცენტრის სამხედროების მიღებასა და განაწილებას ხელმძღვანელობდა.

როგორც "Агентство"-ს თანამოსაუბრეები აცხადებენ, მას შემდეგ, რაც "მოსკვა" უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაძირეს, კონტრადმირალის შვილი დაკარგულად ითვლება. ბოლოს მან სოციალურ ქსელში პოსტი 9 აპრილს დაწერა, კრეისერის ჩაძირვამდე ხუთი დღით ადრე.

რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურში კრივოროგ უმცროსის ბედის შესახებ პუბლიკაციას არც ტელეფონით და არც წერილობითი თხოვნით არ უპასუხეს.

მსგავსი სიახლეები