რუსი მოხალისეების კორპუსმა ბელგოროდის სოფელი ნოვაია ტავოლჟანკა აიღო
ბელგოროდის ოლქის შებეკინოს რაიონის სოფელი ნოვაია ტავოლჟანკა ე.წ. "რუსი მოხალისეების კორპუსის" კონტროლის ქვეშაა. ამის შესახებ კორპუსის წევრებმა განაცხადეს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ეს ინფორმაცია ორშაბათს ირიბად დაადასტურა და თქვა, რომ რუსული ძალები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სოფელში ვერ შედიან. მისი თქმით, 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაც არ სურდათ ევაკუაცია, კვლავ რჩება ტავოლჟანკაში. პრო-უკრაინელი რუსი მებრძოლები კი ამბობენ, რომ სოფელში მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გუშინ უკრაინის ტერიტორიიდან ორი დივერსიული ჯგუფი ცდილობდა ნოვაია ტავოლჟანკაში შესვლას, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, "განადგურდნენ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებით", დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის ცნობით, სოფელში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ანდრეი სტესევი მოკლეს. ის ბელგოროდში რუსეთის სპეცრაზმს მეთაურობდა.
პოლკოვნიკი ანდრეი სტესევი წარსულში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების 104-ე საჰაერო პოლკის მეთაური იყო.
"რუსი მოხალისეების კორპუსმა" და "თავისუფალი რუსეთის" ლეგიონმა სტეშევის დოკუმენტების ფოტოები გამოაქვეყნეს.