რუსი ოპოზიციონერი არმიის შესხებ "ყალბი ამბების" გავრცელებისთვის დააკავეს

რუსეთის მთავარმა საგამოძიებო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მოსკოვის მუნიციპალური ოლქის ოპოზიციონერი დეპუტატის, ილია იაშინის წინააღმდეგ. მას ბრალად რუსული არმიის შესახებ „ყალბი“ ამბების გავრცელება ედება, რაც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 207 მუხლის მე-3 პუნქტით ისჯება. ამის შესახებ იაშინის ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა სამშაბათს, 12 ივლისს ფეისბუქზე დაწერა.

"ახლა გამომძიებელმა დამირეკა - მის სახლში ჩხრეკა იწყება, ადგილზე მივდივარ", - აღნიშნა ადვოკატმა.

პროხოროვმა მოგვიანებით განაახლა პოსტი და დასძინა, რომ ჩხრეკის ბოლოს მხოლოდ "ნოკიას ძველი ტელეფონი" ამოიღეს: "სხვა ვერაფერი აღმოაჩინეს".

ადვოკატმა "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ ჩხრეკის შემდეგ იაშინი დაკითხვაზე გადაიყვანეს საგამოძიებო კომიტეტში, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელების მუხლის დარღვევის ბრალდებით.

ბრალის საფუძველი ის არის, რომ 7 აპრილს, იაშინმა საკუთარ "იუთუბის" არხზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა ბუჩაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ სისასტიკაზე. ამ მუხლით სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ილია იაშინი 28 ივნისს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს, ის 15-დღიან პატიმრობას იხდის. ეს პერიოდი 13 ივლისის ღამეს მთავრდება, როდესაც მან უნდა დატოვოს დაკავების ადგილი.

8 ივლისს სასამართლომ ჩრდილო-აღმოსავლეთ მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის საკრებულოს წევრს ოპოზიციიდან, ალექსეი გორინოვს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საკრებულოს სხდომაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის გაპროტესტებისთვის.

მსგავსი სიახლეები