რუსმა ოლიგარქებმა წელს 32 მილიარდი დოლარი იზარალეს
რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე, რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა მიმდინარე წელს უკვე 32 მილიარდი დოლარი იზარალეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ, დასავლეთმა უკვე დააწესა პირველი სანქციები, რომელიც მათ შორის კრემლთან დაახლოებულ რუსულ ელიტას ეხება.
მიმდინარე დაძაბულობით ყველაზე მეტად იზარალა პუტინის პირადმა მეგობარმა, გენადი ტიმჩენკომ, რომლის წინააღმდეგაც უკვე მოქმედებდა სანქციები. ბოლო ორი თვის განმავლობაში ტიმჩენკო ამოვარდა Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგიდან. ოლიგარქის ქონება ამჟამად 16 მილიარდ დოლარს შეადგენს, რისი უდიდესი ნაწილი გაზის სახელმწიფო კომპანიას ნოვატეკს უკავშირდება.
6.2 მილიარდი დოლარით შემცირდა ნოვატეკის კიდევ ერთი მეწილისა და ოლიგარქის, ლეონიდ მიხელსონის ქონება.
3.2 მილიარდი დოლარი დაკარგა მიმდინარე წელს Lukoil-ის მფლობელმა ვაგიტ ალეკპეროვმაც.
რუსეთის უმდიდრესი 23 ადამიანის ჯამური ქონების ღირებულება ამ დროისთვის 343 მილიარდ დოლარს შეადგენს, გასული წლის მიწურულს იგივე მაჩვენებელი 375 მილიარდ დოლარს შეადგენდა.