რუსული გაზის ჩასანაცვლებლად ნატო ახალ ენერგეტიკულ დერეფანზე მუშაობს
უკრაინაში რუსეთის თავდასხმისა და მზარდი დაძაბულობის ფონზე ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ცენტრალური ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების გეგმაზე დაიწყო მუშაობა.
ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა La Vanguardia ქვეყნის მთავრობაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით ნატოში იკვლევენ ესპანური კატალონიისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობის პოტენციალს.
ზოგადი გეგმის მიზანია პირინეის ნახევარკუნძული გაზის გამანაწილებელ პლატფორმად გადააქციოს, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.
გამოცემის ინფორმაციით განიხილება ასევე თავის დროზე არარეალიზებული პროექტის, Midcat-ის აღდგენა - ამ პროექტის მიხედვით, ხმელთაშუა ზღვა ახალი საგაზო დერეფანი უნდა გამხდარიყო, რომლის მეშვეობითაც ცენტრალური ევროპა ალჟირული გაზით მომარაგდებოდა. იდეის ავტორი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი შარლ დე გოლია, რომელიც ეს აზრი 1950-იან წლებში გამოთქვა.
ახალი პროექტის მიხედვით, ევროპაში ჩრდილო აფრიკული გაზის გარდა გაიზრდება რეგაზიციფირებული ფიქლის გაზის მიწოდებაც. ამ დროისთვის ევროპის და, განსაკუთრებით კი გერმანიის დამოკიდებულება რუსულ გაზზე ევროპის ყველაზე სუსტ გეოპოლიტიკურ წერტილს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ აშშ უკვე მუშაობს ფიქლის გაზის ექსპორტიორების კავშირის შექმნაზე, რათა ევროპისთვის გაზის ალტერნატივა შექმნას. მაღალი ალბათობით, სწორედ ამ თემებს შეეხო საუბარი აშშ-ს პრეზიდენტისა და კატარის ემირის შეხვედრის დროს, რომლის შემდეგაც აშშ-მა კატარს ნატოს არაწევრი ძირითადი პარტნიორის სტატუსი მიანიჭა.
გეგმის მიხედვით, კატალონიიდან ევროპაში წლიურად მინიმუმ 7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გავიდეს. Midcat-ის ხმელთაშუა ზღვის საგაზო დერეფნის იდეაზე ევროპაში უარი 3 წლის წინ თქვეს, ამის მიზეზი კი მზის პანელებისა და ქარის სადგურების მზარდი წილის ფონზე მისი არარენტაბელურობა დასახელდა.
თუმცა დღეს ვითარება განსხვავებულია - ხმელთაშუა ზღვაში პოტენციურ გაზსადენს შესაძლოა დაუერთდეს მსოფლიოს უმსხვილესი რეგაზიფიცირებული გაზის ქარხანა ბარსელონას პორტში.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული პროექტი საინტერესო იქნება გერმანიისთვის, სადაც დიდი ხანია საუბრობენ, რომ აუცილებელია ალტერნატიული მომწოდებლების პოვნა და ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაცია.
კვლავ უცნობი რჩება თუ რატომ დაკავდა ეკონომიკური საკითხით ნატო და არა ევროკავშირი.