რუსული შეთქმულება მოლდოვის მთავრობის დასამხობად ბრიტანეთიდან იმართება - The Times
ლონდონში მყოფი მოლდოვის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი "სამხედრო ძალებს" აგროვებს კიშინოვის მთავრობის დასამხობად, რათა მოლდოვა კრემლის კონტროლის ქვეშ მოაქციოს.
ამის შესახებ The Times მოლდოველი და ბრიტანელი იურისტების ჯგუფის მიერ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წარდგენილ მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტში მოყვანილი ბრალდებები ეხება გეორგი კავკალიუკს, რომელიც მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის მმართველობისას პოლიციის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო.
დოკუმენტში არსებულ ბრალდებებს ეთანხმება მოლდოვის მთავრობა, რომელმაც განაცხადა, რომ ლონდონს კავკალიუკის ექსტრადირებაზე მიმართა.
მოლდოვის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ყოფილი ოფიცერი მთავარი ფიგურაა კიშინოვში პროევროპული მთავრობის დამხობის მცდელობებში.
მოლდოვამ კავკალიუკი საერთაშორისო ძებნილთა სიაში პარტია ღირსებისა და ჭეშმარიტების პლატფორმის (DA) წევრების, რუსლან ვერბიცკის და გეორგი პეტიკის წინააღმდეგ საქმის გაყალბების ბრალდებით შეიყვანა.
კავკალიუკი ახლა მოლდოვაში პოლიტიკურ პარტიას - "ვაშენებთ მშვიდობას შინ" - ლონდონიდან მართავს. მან მეფე ჩარლზ III-ის კორონაციიდან ფოტოები გამოაქვეყნა.
ის ბრალდებებს უარყოფს: "ბრალდებები მოძველებულია და სიმართლეს არ შეესაბამება."
დოკუმენტში, რომელშიც მის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვენ, ნათქვამია, რომ კრემლის მარიონეტების რთული ქსელის ცენტრშია, რომელსაც რუსეთის ФСБ და "ვაგნერი" მართავს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მოლდოვაში მისი პარტიისა და "ეროვნული ფარის" გასამხედროებული ფორმირების გაჩენა ჰგავს ФСБ-ს მიერ ორგანიზებულ "ყირიმის თავდაცვის ძალებს", რომელიც ნახევარკუნძულის ანექსიის დასაწყისში, 2014 წელს გაჩნდა.
"თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით და სამხედრო-სამართალდამცავი სტილის უნიფორმით, ოფიციალური პირადობის მოწმობებით აღჭურვილ ამ 130-კაციან ჯგუფს, ახალი გასამხედროებული ჯგუფის ნიშნები აქვს", - ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ტობიას ელვუდმა განაცხადა, რომ მას "აბნევს" ის ფაქტი, რომ მოლდოვაში კავკალიუკის ექსტრადირება არ მოხდა.
"წლების განმავლობაში ლონდონს აღმოსავლეთ ევროპელი ოლიგარქების უსაფრთხო თავშესაფრის რეპუტაცია ჰქონდა, რომლებსაც ხშირად აქვთ მჭიდრო კავშირები პუტინთან. ეს საბოლოოდ იცვლება უკრაინის შემდეგ. მე სამჯერ შევხვდი მოლდოვის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის თანდასწრებით და ექსტრადიციის მოთხოვნა განვიხილეთ. თუ ჩვენ სერიოზულად გვსურს ევროპული დემოკრატიის მხარდაჭერა, მაშინ ეს არ შეიძლება მხოლოდ უკრაინით შემოიფარგლოს", - აღნიშნა მან.