რუტე: ნიდერლანდები, გერმანია და დანია უკრაინას 100-ზე მეტ Leopard-ის ტანკს გადასცემენ
ნიდერლანდები, გერმანია და დანია უკრაინას 100-ზე მეტ Leopard-ის ტანკს გადასცემენ. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ 17 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გერმანიასთან და დანიასთან ერთად ჩვენ ასზე მეტ Leopard-ის ტანკს მივაწვდით უკრაინას, ხოლო შეერთებულ შტატებთან და გერმანიასთან ერთად უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადავცემთ", - თქვა რუტემ.
მან აღნიშნა, რომ ჰოლანდიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს Leopard-ის ტანკების გადაცემაში, უზრუნველყოფს საჭირო აღჭურვილობას და ეკიპაჟების მომზადებას.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთის სისასტიკისგან თავი დაიცვას", - თქვა რუტემ.
ამასთან, ნიდერლანდების პრემიერს არ დაუკონკრეტებია, როდის მიიღებს ტანკებს უკრაინა. მისი თქმით, ჯერ უნდა დარწმუნდნენ, რომ ეკიპაჟებს აქვთ "საბრძოლო მზადყოფნა" და როგორც კი პირველი ტანკები მზად იქნება, ისინი უკრაინას გადაეცემა.
"ჩვენ გვინდა ეს რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ", - აღნიშნა რუტემ.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ "უკრაინელების სული" რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში "გაუტეხელია."