საბერძნეთი საფრანგეთისგან სამ "ფრეგატს" შეიძენს

საბერძნეთმა საფრანგეთს სამი ახალი "ფრეგატი" დაუკვეთა თავდაცვის სფეროში „გაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობის“ ფარგლებში.

პარიზში, 28 სექტემბერს გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა (Kyriakos Mitsotakis) სამხედრო კონტრაქტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპად შეაფასეს.

ბელარას (Belharra) კლასის სამი ფრეგატის შეძენა საბერძნეთს რამდენიმე მილიარდი ევრო დაუჯდება.

მიცოტაკისის განცხადებით, ქვეყნის „საზღვაო საჭიროებებიდან გამომდინარე“, შესაძლოა, საფრანგეთისგან კიდევ ერთი ხომალდი შეიძინონ.

„აღნიშნული შეთანხმება ორი ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ემსახურება“, - განაცხადა მაკრონმა.

_____________________

ხმელთაშუა ზღვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც შარშან თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობა ტერიტორიული წყლების გამო დაიძაბა.

ანკარა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთის სადავო წყლებში  ბუნებრივი აირის მოპოვების უფლებას ჩემულობს, რასაც ათენი საკუთარი სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევს. 

საფრანგეთი თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირებაში მხარს ამ უკანასკნელს უჭერს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მეტ თანამშრომლობას ლობირებს.

ბერძნულ-ფრანგული თანამშრომლობა "ევროპული სტრატეგიული ავტონომიისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯია" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები