საბერძნეთი თავდაცვის ახალ მოდელს ირჩევს
საბერძნეთმა თავდაცვის სტატიკური, ტრადიციული გზის გაგრძელების ნაცვლად, სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერების, მოდერნიზაციის და ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ, ღაზაში განვითარებულმა მოვლენებმა, იქამდე კავკასიაში არსებულმა მდგომარეობამ, რეგიონულმა კონფლიქტებმა, საბერძნეთს სამხედრო წარმოების გაუმჯობესებისა და თავდაცვის ახალი მოდელის შექმნისკენ უბიძგა.
საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელად გენერალი დიმიტრის ჰუპისი დაინიშნა. ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში განხორციელებული ბოლოდროინდელი ცვლილებები ცხადყოფს საბერძნეთის ახალ ეპოქაში გადასვლის მისწრაფებას.
თავდაცვის მინისტრის, ნიკოს დენდიასის განცხადებით, სამყარო „სრულიად ახალ ეპოქაში შევიდა“, შესაბამისად გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საბერძნეთი საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ასევე, ქვეყნის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.
„ვხედავთ, რომ ომი წარსულთან შედარებით, სხვაგვარად მიმდინარეობს. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალებიც უნდა მოდერნიზდეს“, - ნიკოს დენდიასი.
საჭიროა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ორი კომპანიის - “საბერძნეთის აერონავტიკის ინდუსტრიის - EAV“ და „თავდაცვის სისტემების - EAS“ იმდენად განვითარება, რომ მათ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილება უზრუნველყონ.
სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტება, ასევე თავდაცვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების, დრონების, ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლის სისტემების, ელექტრონული ომის (EW) წარმოებისთვის საჭირო საშუალებების და ა.შ. დანერგვა.