საბერძნეთი ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად დრონებს გამოიყენებს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ხანძრის პრევენციული ჩაქრობის გასაუმჯობესებლად მთავრობა დრონებს გამოიყენებს და ტყეებში ტემპერატურის სენსორებს დააყენებს.
ამის შესახებ Reuters წერს.
ამ ზაფხულს საბერძნეთი ფართომასშტაბიანმა ტყის ხანძრებმა მოიცვა, რასაც მშრალი ამინდი, ქარი და სიცხე მოჰყვა. ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთის რეგიონში ხანძარი ზედიზედ ცამეტი დღეა არ ლოკალიზებულა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უფრო მომზადებულები ვიყავით, ვიდრე ოდესმე, ინციდენტების უპრეცედენტო კომბინაციასთან გვქონდა საქმე," - განუცხადა მიცოტაკისმა პარლამენტს და ივლისის სიცხე გაიხსენა - ყველაზე ხანგრძლივი საბერძნეთში ბოლო წლებში.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ტყის ხანძრების რეალურ დროში მონიტორინგისთვის 100-ზე მეტი დრონის შეძენა გადაწყვიტა.
ასევე დაგეგმილია ტემპერატურის სენსორების არქეოლოგიურ ობიექტებსა და მაღალი რისკის ტყეებში დაყენება, დაახლოებით 500 მეტყევე მეცნიერისა და 1000 მეხანძრის დაქირავება.
გარემოსდამცველები, რომლებიც მხარს უჭერენ გაძლიერებულ საერთაშორისო ქმედებებს კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, საბერძნეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ხანძრის ჩაქრობაზე უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე მის თავიდან აცილებაზე.
ბერძნულ ევროსში გაჩენილ ხანძარს ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს უწოდებენ. მან უკვე შეიწირა სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე და გაანადგურა სახლები და დაცული ტყეები.