საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების გემი ჩაიძირა, სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა
14 ივნისს, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ჩაიძირა გემი, რომლითაც ასობით მიგრანტი ქვეყანაში შესვლას ცდილობდა.
საბერძნეთის სამაშველო სამსახურები ახლა იქ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. სანაპირო დაცვის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო სათევზაო ნავი, რომელიც 13 ივნისს შუადღისას შენიშნეს. სანაპირო დაცვამ გემს დახმარება შესთავაზა, მაგრამ იქ მყოფმა მიგრანტებმა უარი თქვეს და გამოთქვეს სურვილი გზა იტალიისკენ გაეგრძელებინათ. იმავე სანაპირო პატრულმა დააფიქსირა, რომ გემზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.
გემი დღეს დილით საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საბერძნეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 106 ადამიანი უკვე გადაარჩინეს და ნაპირზე გამოიყვანეს, ასევე ნაპოვნია 32 დაღუპულის ცხედარი.
"სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და ჩვენ ვშიშობთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა. პირველადი მონაცემებით, გემზე 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა," - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მოგვიანებით საბერძნეთის სანაპირო დაცვამ AFP-ს განუცხადა, რომ გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა.
AFP-ის თანამოსაუბრეები ასევე აცხადებენ, რომ გემზე ალბათ ასობით ადამიანი იმყოფებოდა, ამიტომ, მედიის ცნობით, შეიძლება დაკარგულთა რაოდენობა დიდი იყოს.