საბერძნეთში სტუდენტები განათლების რეფორმის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ
ათენის ცენტრში ათასობით შეკრებილმა ადამიანმა მმართველი პარტიის მიერ ქვეყანაში უცხოური კერძო უნივერსიტეტების დაშვებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა.
დემონსტრაციაში სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.
პოლიტიკურმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, უცხოური უნივერსიტეტები საბერძნეთში ფილიალების გახსნას შეძლებენ.
პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთში უცხოური უნივერსიტეტების ფილიალების გახსნით სტუდენტებს საკუთარ ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღებისა და საკუთარ ქვეყანაშივე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს საბერძნეთის ეკონომიკაზე.
დემონსტრანტების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძირს გამოუთხრის საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რომლებსაც დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები ისედაც დიდი ხანია აქვთ, ასევე საფრთხეს შეუქმნის თავისუფლად ხელმისაწვდომ უმაღლეს განათლებას.
საბერძნეთის პარლამენტი კერძო უცხოურ უნივერსიტეტებთან დაკავშირებულ კანონპროექტს კენჭს მიმდინარე თვის ბოლოს უყრის.