საფრანგეთი: სენატმა საპენსიო რეფორმა დაამტკიცა, ჯერი მეორე პალატაზეა
საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა, დაამტკიცა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმა.
კანონპროექტი, რომლის გამოც ქვეყანაში მრავალრიცხოვანი პროტესტი მიმდინარეობს, სენატმა 193 ხმით 114-ის წინააღმდეგ მიიღო.
თუმცა საფრანგეთის ზედა პალატაში, სადაც კონსერვატორი რესპუბლიკელები დომინირებენ, რეფორმის დამტკიცება პრეზიდენტ მაკრონის მთავარი პრობლემა არ ყოფილა.
ძირითადი გამოწვევა წინაა - როცა საპენსიო რეორმას კენჭი პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ უნდა უყაროს.
მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის მიუხედავად, შარშან ემანუელ მაკრონმა ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა დაკარგა.
ამდენად, საპენსიო რეფორმის გასატანად საპრეზიდენტო ფრაქციისთვის აუცილებელი იქნება კვლავაც რესპუბლიკელების მხარდაჭერა.
სენატში დამტკიცების მიუხედავად, ჯერაც სათუოა, დაამტკიცებს თუ არა კანონპროექტს ასამბლეა.
წარსულში რესპუბლიკელები საპენსიო სისტემის რეფორმის ინიციატივით თავად გამოდიოდნენ, მაგრამ ახლა, როცა ფრანგების 2/3 რეფორმის წინააღმდეგია, მათ ტონი შეარბილეს.
საპენსიო რეფორმას სხვა არცერთი პარტია უჭერს მხარს.
ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული მთავარი ცვლილება საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდაა. ეკონომისტების გაანგარიშებით, თუ საფრანგეთის არსებული საპენსიო სისტემა არ შეიცვლება, 2030 წლისთვის საპენსიო ბიუჯეტის წლიური დეფიციტი 14 მილიარდ ევროს შეადგენს.