საფრანგეთი თებერვლიდან შეზღუდვებს მოხსნის
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ თებერვალში მთავრობა კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობას მოხსნის. ძალაში დარჩება ვაქცინის პასპორტებისა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა.
ორშაბათიდან ქვეყანაში ახალი ვაქცინის პასპორტი დაიწყებს მოქმედებას, რომელიც მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს ექნებათ. აქამდე პასპორტი აუცრელ კოვიდგადატანილებსა და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით ტესტის მქონე ადამიანებსაც ჰქონდათ.
2 თებერვლიდან სტადიონები, სპორტული მოედნები და საკონცერტო დარბაზები სრული დატვირთვით დაიწყებენ მუშაობას. სახლიდან მუშაობის ვალდებულება მოიხსნება, გარე სივრცეში კი პირბადებიის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
16 თებერვლიდან საფრანგეთში ღამის კლუბები გაიხსნება.
წინა კვირაში, ქვეყანაში დღეში საშუალოდ 320 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საფრანგეთში ვირუსის ორი სხვადასხვა შტამის - დელტას და ომიკრონის - სხვადასხვა ტალღა არის.