საფრანგეთი უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს გადასცემს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, ბრიტნეთის მსგავსად, კიევს შორი რადიუსის რაკეტებს - SCALP-EG-ს გადასცემს.
მთავრობის გადაწყვეტილებაზე მაკრონმა TF1Info-სთან ისაუბრა.
SCALP-EG-ების ბრიტანული Storm Shadow-ს იდენტური რაკეტაა. აღნიშნული რაკეტებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.
აქამდე უკრაინელების ყველაზე შორსმსროლელი რაკეტა HIMARS-ის GMLRS რაკეტა იყო, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილიც 70 კილომეტრი იყო.
SCALP-EG-ს კი სამიზნეების განადგურება 250 კილომეტრის რადიუსში შეუძლია.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა Storm Shadow-ს ბრძოლაში გამოყენება უკვე დაიწყო. 12 მაისიდან უკრაინელებმა ოკუპირებულ ლუჰანსკში რამდენიმე ობიექტი დაბომბეს, მათ შორის, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა და პოლიმერების საწარმო.