საფრანგეთი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რადარებს შეიძენს
საფრანგეთი, უკრაინის მოთხოვნით, ფრანგული Thales-ის მიერ წარმოებულ საჰაერო თავდაცვის რადარებს, Ground Master 200-ებს (GM 200) შეიძენს.
ამის შესახებ 31 იანვარს, პარიზში, უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
ლეკორნუმ აღნიშნა, რომ რეზნიკოვმა მას 2022 წლის დეკემბერში აცნობა GM 200 რადარების საჭიროების შესახებ.
"ხვალ გავაფორმებთ ხელშეკრულებას Thales-თან ასეთი რადარების შესყიდვაზე და ამას დააფინანსებს სპეციალური ფონდი, რომელიც საფრანგეთში შეიქმნა", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, საფრანგეთი ასევე კოორდინაციაშია მოკავშირეებთან, რათა უკრაინას Crotale-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საკმარისი რაოდენობის რაკეტები გადასცეს.
გარდა ამისა, ლეკორნუმ აღნიშნა, რომ უკრაინას კიდევ 12 თვითმავალი ჰაუბიცა გადაეცემა და კიევისთვის გამანადგურებლების გარკვეული პირობებით მიწოდების საკითხზე "ტაბუ არ არსებობს."
Europe 1 წერს, რომ GM 200 არის საშუალო დისტანციის რადარი, რომელსაც შეუძლია მტრის თვითმფრინავის აღმოჩენა 250 კმ მანძილზე. რადარი ასევე უზრუნველყოფს რაკეტებისა და საარტილერიო ცეცხლისგან დაცვას, აფრთხილებს სახმელეთო ჯარებს მტრის ცეცხლის შესახებ.