საფრანგეთის არჩევნებზე „მწვანეების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იანიკ ჟადო იქნება
28 სექტემბერს ფრანგი „მწვანეების“ (Pôle écologiste) საპრეზიდენტო პრაიმერიზში ხმათა 51,03 %-ით იანიკ ჟადომ (Yannick Jadot) გაიმარჯვა.
54 წლის ფრანგმა ევროპარლამენტარმა პრაიმერიზის მეორე ტურში სანდრინ რუსო (Sandrine Rousseau) დაამარცხა. რადიკალური ეკოლოგიური პოლიტიკის მომხრე რუსოსგან განსხვავებით ჟადო პრაგმატული კურსის მხარდამჭერად ითვლება.
„დღეიდან ჩვენ 2022 საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დიდი კოალიციის მშენებლობას ვიწყებთ“ - განაცხადა გამარჯვებულმა პოლიტიკოსმა.
ჟადო 2022 წლის არჩევნებზე „მწვანე“ კურსის გამტარებელი პარტიების ბლოკით გამოვა, რომელიც 2020 წლის აგვისტოში შეიქმნა და პროგრესული ბანაკის ხუთ პოლიტიკურ მოძრაობას აერთიანებს.
გამოცემა Politico-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, იანიკ ჟადოს არჩევნებზე ხმათა 6 პროცენტის მოპოვების შანსი აქვს.
გამოკვლევაში ლიდერობენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (24%) და ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ყრილობის“ ლიდერი მარინ ლე პენი (19%).