საფრანგეთის პოლინეზიის არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიამ გაიმარჯვა
საფრანგეთის პოლინეზიის პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთში მდებარე კუნძულებზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ POLITICO წერს.
პარტია Tavini Huiraatira, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ოსკარ ტემარუ ხელმძღვანელობს, საფრანგეთის პოლინეზიის ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა (57/38 ადგილი). ასამბლეა კუნძულების პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ამ თვის ბოლოს აირჩევს.
საფრანგეთის პოლინეზიას უკვე აქვს ავტონომია, თავად განსაზღვრავს ჯანდაცვის, დაწყებითი და საშუალო განათლებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკას.
მიუხედავად ამისა, პარიზი ინარჩუნებს კონტროლს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმაღლესი განათლება და თავდაცვის პოლიტიკა.
დამოუკიდებლობის საკითხი კუნძულებზე ათწლეულების განმავლობაში აქტუალურია: ოსკარ ტემარუმ პარტია "პოლინეზიის განთავისუფლების ფრონტი" 1977 წელს დააარსა, რომელიც მოგვიანებით Tavini Huiraatira გახდა.
არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას პარიზის თანხმობა სჭირდება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა და ზღვისგაღმა ტერიტორიების მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა სეპარატისტებს გამარჯვება ტვიტერზე მიულოცა. ამასთან, პირობა დადო, რომ "გააგრძელებს პოლინეზიელი თანამოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას."