საფრანგეთის სენატმა გამკაცრებულ ვაქცინის პასპორტებს მხარი დაუჭირა

 

13 იანვარს საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში არსებული კოვიდ-პასპორტების უფრო მკაცრ, ვაქცინის პასპორტებად გარდაქმნას.

მთავრობის ინიციატივა 249 სენატორმა მოიწონა, 63 - წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.

ახალი რეგულაციის თანახმად, რესტორნებში, ბარებში, კულტურულ სივრცეებში და რეგიონებს შორის მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი. 

კანონის მიღებამდე, ეროვნული ასამბლეის და სენატის წევრები ერთმანეთს შეხვდებიან და საბოლოო ვერსიაზე შეჯერდებიან, რის შემდეგაც ცვლილებების პაკეტს ეროვნული ასამბლეა საბოლოოდ უყრის კენჭს.

სენატმა მთავრობის ინიციატივაში გარკვეული შესწორებები შეიტანა. ვაქცინის პასპორტი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ მაშინ იქნება აუცილებელი, თუ კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 10000-ს გადააჭარბებს. ამჟამად, ასეთი პაციენტების რაოდენობა 24 000-ია.

გარდა ამისა, სენატორებმა ვაქცინის პასპორტი 18 წელზე უფროსებისთვის დააწესეს, ხოლო 12-17 წლის მოზარდებისთვის განსხვავებული სისტემა იმოქმედებს, ისინი ტესტის ნეგატიური პასუხითაც შეძლებენ სხვადასხვა ობიექტებზე შესვლას.

 

მსგავსი სიახლეები