საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
დღეს, პარიზის სასამართლომ, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ერთი წლით შინაპატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება 2012 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის არალეგალური გზით დაფინანსებას.
„ბიგმალიონის“ სახელით ცნობილ საქმეში სარკოზის ბრალი დასდეს კამპანიაში კანონით დასაშვებზე ორჯერ მეტი თანხის - 42,8 მილიონი ევროს - დახარჯვაში.
ექვსი თვის წინ ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის კიდევ ერთ საქმეზე სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მათგან ორი - პირობით. სარკოზის ბრალი მოსამართლის მოქრთამვაში ედებოდა.
გავლენიანი კონსერვატორი პოლიტიკოსი ყველა წაყენებულ ბრალს უარყოფს და საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
პარტია „ერთიანი სახალხო მოძრაობის“ (ახლანდელი „რესპუბლიკელები“) ლიდერი სარკოზი 2012 წელს სოციალისტური პარტიის კანდიდატ ფრანსუა ოლანდს დაუპირისპირდა და მეორე ტურში დამარცხდა.
სარკოზი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში (1958 - ) პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა.