საფრანგეთმა სუდანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო
საფრანგეთმა სუდანიდან დიპლომატებისა და საფრანგეთის მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 აპრილს განაცხადა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნების და "მოკავშირე პარტნიორი ქვეყნების" მოქალაქეებს ასევე გაიყვანენ.
დიპლომატების თქმით, სუდანის არმიამ და მისმა მტრულმა გასამხედროებულმა ჯგუფმა, სწრაფი რეაგირების სამსახურმა, უსაფრთხოების გარანტიები მისცა საფრანგეთის ევაკუაციის მისიას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სუდანში საფრანგეთის 250 მოქალაქე ცხოვრობს.
სუდანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაცია ჰოლანდიამაც დაიწყო. "ნიდერლანდები, იორდანიის გუნდთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჰოლანდიის მოქალაქეები იქიდან რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გაიყვანონ", - დაწერა ტვიტერზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ.
იმავე დღეს შეერთებულმა შტატებმა სუდანიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახები ექვსი სამხედრო თვითმფრინავით გაიყვანა.
22 აპრილს, AFP-ს ცნობით, საუდის არაბეთმა უკვე გადაიყვანა 150-ზე მეტი ადამიანი სუდანიდან, მათ შორის, 66 სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი.
კონფლიქტი სუდანში
15 აპრილიდან სუდანში მკვეთრად გამწვავდა კონფლიქტი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის მეთაურობით რეგულარულ არმიასა და მოჰამედ ჰამდან დაგალოს მეთაურობით სწრაფი რეაგირების ძალებს შორის. ბრძოლებს უკვე ასობით ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით დაშავდა.
დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მართავდა ქვეყანას, 2019 წელს სუდანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ჩამოაგდეს. დიქტატორის დამხობის შემდეგ სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები გარდამავალი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ, მაგრამ 2021 წლის ოქტომბერში სუდანში გადატრიალება მოხდა, რის შედეგადაც ქვეყანას გენერალი ალ-ბურჰანი მართავდა.