საფრანგეთმა ჟურნალისტებისთვის ანა პოლიტკოვსკაიას პრემია დააწესა
საფრანგეთმა რუსი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, ანა პოლიტკოვსკაიას პატივსაცემად ახალი ჟურნალისტური ჯილდო დააწესა. ამის შესახებ Новая газета 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს წერს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ "ანა პოლიტკოვსკაიას პრემია ჟურნალისტური გამბედაობისთვის" მიენიჭებათ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ "ომის, კრიზისის ან დესტაბილიზაციის პირობებში."
ჯილდო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონასა და Новая газета-ს მთავარი რედაქტორის, დიმიტრი მურატოვის ინიციატივით დაწესდა.
Новая газета-ს წყაროების ცნობით, პირველად ახალი პრიზი შესაძლოა ნოემბერში, პარიზის ყოველწლიური სამშვიდობო ფორუმის ფარგლებში გაიცეს. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, შევლენ ანა პოლიტკოვსკაიას შვილები - ვერა და ილია, უფლებადამცველი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" წარმომადგენელი, ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი და Новая газета-ს ჟურნალისტი.
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა
ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე, საკუთარი სახლის შესასვლელში მოკლეს.
რუსეთში პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიება დიდხანს გაგრძელდა. 2014 წლის მაისში სასამართლომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენებს განაჩენი გამოუტანა. რუსტამ მახმუდოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მის ძმებს ჯაბრაილს და იბრაჰიმს 14 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ყოფილ პოლიციელს, სერგეი ხაჯიკურბანოვს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მკვლელობის ორგანიზატორად ჩეჩენი ბიზნესმენი და კრიმინალური ავტორიტეტი ლომ-ალი გაიტუკაევი, ძმები მახმუდოვების ბიძა აღიარეს. მან სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და 2017 წელს ციხეში გარდაიცვალა.
დანაშაული ხუთი მსჯავრდებულიდან არცერთმა არ აღიარა.
2018 წლის ივლისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პოლიტკოვსკაიას საქმის "არაეფექტური გამოძიების" გამო გააკრიტიკა.