საფრანგეთში იმიგრაციის ახალ კანონს აპროტესტებენ

საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდეს, რომ იმიგრაციის ახალ კანონს ხელი არ მოაწეროს, რადგან ის  ფრანგული ღირებულებების შემლახველია.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო გამოსვლებში 75 000, ხოლო დედაქალაქ პარიზში - 16 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

გასული წლის დეკემბერში საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ სამთავრობო კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახალი კანონი გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს, მნიშვნელოვნად ამცირებს მათთვის სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას. ასევე, აღნიშნული კანონი მიგრანტების მიერ საფრანგეთში საკუთარი ოჯახის წევრის/წევრების ჩაყვანას ართულებს.

საფრანგეთში მიგრანტებისთვის განსაკუთრებით ფართო სოციალური ბენეფიტები არსებობდა, რომლითაც ისინი ბინის ქირის შეღავათებს, ყოველთვიურ დახმარებას და შვილებისთვის ცალკე ფინანსურ შემწეობას იღებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მაკრონის პარტიის წევრების ნაწილის შიდა წინააღმდეგობის ფონზე, კანონი მარინ ლე პენის პარტიის დეპუტატების დახმარებით მიიღეს.

ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, 2023 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონი, უკანასკნელი 40 წლის განმავლოვაში ყველაზე „რეგრესიულია“ და ის განსაკუთრებულად ზღუდავს საფრანგეთში ხანგრძლივდ მცხოვრები უცხოელების ფუნდამენტურ უფლებებს.

 

 

მსგავსი სიახლეები