არჩევნები საფრანგეთში: ლე პენის პარტია პირველ ადგილზე, მაკრონის მარცხი და რეკორდული აქტივობა
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც კვირას, 30 ივნისს ჩატარდა, მარინ ლე პენის ულტრა-მემარჯვენე პარტია "ეროვნულმა გაერთიანებამ" და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33.15% მიიღეს.
ამომრჩეველთა 27.99%-მა ხმა მისცა მემარცხენე პარტიების დიდ კოალიციას "ახალ სახალხო ფრონტს", ხოლო 20%-მა მხარი პრეზიდენტ მაკრონის პოლიტიკურ ძალას დაუჭირა.
სამი სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, 7 ივლისს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, მემარჯვენე პოპულისტებს ყველაზე დიდი საპარლამენტო ჯგუფი ეყოლებათ და მათ შეიძლება ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობაც მიიღონ.
მანდატების საბოლოო რაოდენობა არჩევნების მეორე ტურში, 7 ივლისს გაირკვევა, რადგან 577 მაჟორიტარული ოლქიდან, მხოლოდ 76-ში გაირკვა გამარჯვებული პირველ ტურში.
მარინ ლე პენმა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურზე საუბრისას თქვა, რომ ფრანგებმა მისი პარტია პირველ ადგილზე გაიყვანეს და "თითქმის გაანადგურეს" მაკრონის ბანაკი.
"ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური უმრავლესობა, რათა ჯორდან ბარდელა რვა დღეში პრემიერ-მინისტრად დაასახელოს ემანუელ მაკრონმა." - თქვა მან.
2024 წლის არჩევნები ბევრი მიზეზით იყო გამორჩეული საფრანგეთის ისტორიაში და სტატიაში ამ ფაქტორებს მიმოვიხილავთ.
ლე პენის "ეროვნული გაერთიანება" პირველ ადგილზეა და უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს
მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანება" ხმების 33.15%-ით პირველ ადგილზეა. ლე პენის პოლიტიკურმა ძალამ 39 მანდატი პირველივე ტურში მოიპოვა.
1972 წელს შექმნილი პარტია ("ეროვნული ფრონტის" სახელწოდებით) ეროვნულ ასამბლეაში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი გახდა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მეორე ტურების კონფიგურაციაზე, კერძოდ, "ახალი სახალხო ფრონტისა" და საპრეზიდენტო უმრავლესობის შესაძლო თანამშრომლობაზე მათ წინააღმდეგ.
OpinionWay-ის კვლევის მიხედვით, "ეროვნულ გაერთიანებას" და მის მოკავშირეებს 7 ივლისს 250-დან 300-მდე მანდატის მოპოვების შანსი აქვთ. მეორე ტურში აბსოლუტური უმრავლესობის მიღების შემთხვევაში (289 მანდატი), პარტიის 28 წლის თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა პრემიერ-მინისტრი გახდება.
მემარცხენე კოალიცია "ახალი სახალხო ფრონტი" მეორე ადგილზეა
მემარცხენე პარტიების ალიანსმა ხმების 28% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა არჩევნებში. მათ განსაკუთრებით კარგი შედეგები ჰქონდათ 100 ათასზე მეტი მოსახლეობის (სტრასბურგში, ტულუზაში, ნანტში, პარიზის აღმოსავლეთით) ქალაქებში, გარეუბნებში, მაგრამ გაცილებით ნაკლები ხმა მიიღეს რურალურ დასახლებებში.
გაერთიანებამ პირველ ტურში 32 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.
OpinionWay-ის კვლევის თანახმად, "ახალ სახალხო ფრონტს" 130-170 მანდატის მიღების შანსი აქვს, რაც შორს არის უმრავლესობის შექმნისთვის საჭირო 289 ადგილისგან. შედარებისთვის, მემარცხენეების კოალიციამ (Nupes) 2022 წელს 151 მანდატი მოიპოვა.
მაკრონის გაერთიანების წარუმატებლობა
ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების მოულოდნელად დანიშვნით სცადა ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლის საფრთხით საკუთარი ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება მოეხდინა. ამ სტრატეგიამ გარკვეულწილად იმუშავა და მისი პარტიის მხარდაჭერა 15%-დან 21%-მდე გაიზარდა, თუმცა მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების შანსი არ აქვს.
OpinionWay-ის კვლევის თანახმად, ემანუელ მაკრონს შეუძლია 65-105 საპარლამენტო მანდატი მიიღოს. მისმა პარტიამ ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბრეტანში, ოტ-სავუაში და ილ-დე-ფრანსში მიიღო.
საპრეზიდენტო პარტია არ არის ერთადერთი, ვინც მანდატებს კარგავს. მემარჯვენე ცენტრისტულმა "რესპუბლიკურმა პარტიამ" ასევე დიდი რაოდეონობით მანდატები დაკარგა.
რეკორდული აქტივობა
30 ივნისს, საპარლამეტო არჩევნებზე აქტივობამ 66.7%-ს მიაღწია, რაც თითქმის 1997 წლის არჩევნების (67.9%) მსგავსია. 9 ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებთან შედარებით, საფრანგეთის მოქალაქეების მობილიზაცია შესამჩნევია (+15%).
პირველ ტურში გამარჯვებულები და კომუნისტური პარტიის ლიდერის მარცხი
მაღალი აქტივობის გამო, პირველივე ტურში 75 კანდიდატი აირჩიეს. ამით განსაკუთრებით ლე პენის პარტიამ ისარგებლა. მაგალითად, პა-დე-კალეში მათ თორმეტიდან ექვს ოლქში პირველივე ტურში მოიგეს.
ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ-ერთ უღარიბეს ოლქში (სიღარიბის მაჩვენებელი 23%), "კომუნისტური პარტიის" ლიდერი ფაბიენ რუსელი (PCF) პირველივე ტურში დამარცხადა "ეროვნული გაერთიანების" კანდიდატთან. ამ საარჩევნო ოლქს 1962 წლიდან კომუნისტი დეპუტატი ჰყავდა.
"სამკუთხედები" მეორე ტურში
საფრანგეთის საარჩევნო სისტემით, არჩევნების მეორე ტურში არა პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატი, არამედ ის კანდიდატები გადიან, ვინც 12.5%-ზე მეტს მიიღებენ. 2024 წლის არჩევნებისთვის ელექტორატი სამ დიდ კოალიციას აძლევდა ხმას - ულტრამემაჯვენეები, მემარცხენეების ალიანსი და პრეზიდენტის პოლიტიკური ჯგუფი. შესაბამისად, ხმები მცირე პარტიების კანდიდატებზე ნაკლებად იფანტებოდა და 577-დან 311 ოლქში მეორე ტურებში სამი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი.
ამას მალევე მოჰყვა რეაგირება პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალისა და მემარცხენე გაერთიანების ლიდერებისგან. ისინი მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს მოხსნიან და მათ ამომრჩეველს მოუწოდებენ ხმა ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ მისცენ.
"მე ამას ვამბობ მთელი ძალით, "ეროვნულმა გაერთიანებამ" არც ერთი ხმა არ უნდა მიიღოს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა კვირას გამოსვლაში.
პრეზიდენტის კოალიციის მემარჯვენე წევრებმა განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, ხმა არ მისცენ არც ლე პენის გაერთიანებას და არც მემარცხენე კოალციიის წევრი ანტი-დასავლელი, ანტი-ისრაელი პოზიციების მქონე პოლიტიკოსის, ჟან-ლუკ მელანშონის კანდიდატებს.