საჰაერო თავდაცვის საფრთხის გამო, რუსეთი ავიაციას არაეფექტურად იყენებს - ბრიტანული დაზვერვა
რამდენიმე კვირა დაბალი აქტივობის შემდეგ, რუსული ავიაციის გაფრენების რაოდენობა გასულ კვირას გაიზარდა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე 16 თებერვალს, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა.
დაზვერვის ცნობით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აქტივობა ჰაერში ამჟამად დაახლოებით საშუალო დღიურ მაჩვენებელს შეესაბამება, რომელიც 2022 წლის ზაფხულიდან დაფიქსირდა.
ზოგადად, რუსული ავიაცია ნაკლებად აქტიურია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მაღალი საფრთხის და რუსეთის შიგნით, ავიაციის სხვადასხვა აეროდრომებზე გადანაწილების გამო, რადგან რუსულ აეროდრომებზე უკრაინული თავდასხმების საფრთხე არსებობს. რუსული სამხედრო თვითმფრინავები ოპერირებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც მათ ხელს უშლის ეფექტურად შეასრულონ მთავარი დამრტყმელი როლი.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა, სავარაუდოდ, დაახლოებით 1500 საბრძოლო თვითმფრინავი შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ, 130-ზე მეტი თვითმფრინავი დაკარგეს (უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიხედვით 298. - რედ).
თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ამჟამად საჰაერო იერიშების დრამატული ზრდისთვის ემზადება, რადგან ამჟამინდელ საბრძოლო პირობებში მნიშვნელოვანი დანაკარგი ექნებათ.