სახელმწიფო დეპარტამენტი: პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის
შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი განცხადებების მიუხედავად, ნამდვილად სურს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად, რადგან ის აგრძელებს ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.
ეს განცხადება ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა გააკეთა.
ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხეს აფრიკელი ლიდერების უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შესახებ, ასევე პუტინის განცხადებაზე, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს.
"რუსეთი ისევ არ ავლენს ომის დამთავრების მიმართ ინტერესს და ეს აშკარაა იმ ფაქტიდან, რომ აფრიკელმა ლიდერებმა რამდენიმე საათი გაატარეს თავშესაფრებში, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას მათი ვიზიტის დროსაც აგრძელებდა," - იხსენებს პატელი.
მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში "ქმედებები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ."
"პუტინი ბევრ რამეს ამბობს და თქვენი გადასაწყვეტია იმის ინტერპრეტაცია, რამდენად არის ეს სიმართლე და რამდენად არა. კიდევ ერთხელ, სრულიად ნათელია რუსეთის ქმედებები - კიევის დაბომბვა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სახლების, საავადმყოფოების დაბომბვა - არ არის მიმართული მშვიდობის მიღწევისა და ომის დასრულებისკენ," - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.