სამარის და ბაშკირეთის სპეცდანაყოფები ბალაკლეასთან ალყაში არიან - რუსული მედია
ბაშკირეთისა და სამარის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფები [CОБР] უკრაინის მოულოდნელი კონტრიერიშის შემდეგ სრულ ალყაში მოექცნენ და მძიმე მდგომარეობაში არიან.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Insider რუსულ სახელმწიფო არხებზე და პროპაგანდისტულ სამხედრო ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ მიმართულებით უკრიანის იერიშის დაწყების შემდეგ გაზეთი იზვესტია წერდა, რომ შეტევის შესაჩერებლად ადგილზე ბაშკირეთისა და სამარის სწრაფი რეაგირების დანაყოფები გადაიყვანეს.
გაზეთის ცნობით, ისინი უკრაინელების შეჩერებას ლუჰანსკელი სეპარატისტების დანაყოფების დახმარებით ცდილობდნენ და ეს წარმატებითაც შეძლეს.
"იზვესტიის" მიერ გავრცელებული ცნობების შემდეგ, მალევე რუსულ ტელეგრამ არხებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ადგილზე მყოფი სწრაფი რეაგირების დანაყოფების სავალალო მდგომარეობის შესახებ.
"ბალაკლეასთან ალყაში მოჰყვა სამარის CОБР და მათი გადარჩენის შანსები რბილად რომ ვთქვათ არც ისე მაღალია" - წერდა ტელეგრამ არხი Romanov Light.
უკვე 22 საათსა და 13 წუთზე კიდევ ერთი პროპაგანდისტული არხი Rosich წერდა რომ ალყაში მოქცევის შემდეგ სპეცდანაყოფთან კავშირი გაწყდა. მომდევნო შეტყობინება მთავრდება სიტყვებით: "სამარა, ბაშკირეთი, ილოცეთ მათთვის".
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სამხედრო პროპაგანდისტმა ვლადლენ ტატარსკიმ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ უკვე თითქმის 24 საათია ბაშკირეთისა და "კიდევ რომელიღაც რაიონის CОБР სრულ ალყაში ვოლოხოვი იართან [ჩუგუევის რაიონი] იბრძვიან."
მოგვიანებით ტატარსკიმ დააზუსტა, რომ მეორე დანაყოფი სამარის სწრაფი რეაგირების ძალები იყო.
22 საათსა 10 წუთზე კიდევ ერთმა პროპაგანდისტულმა ტელეგრამ არხმა РУБЕЖ-მა დაწერა: "ბაშკირეთის CОБР-იც ალყაშია, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, ისინი უკვე გამოგვემშვიდობნენ."
უკვე დილის საათებში ტელეგრამ არხმა Rosich-მა გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი: "სამარისა და ბაშკირეთის CОБР რუსეთის დიდებულ სამხედრო ისტორიაში შევლენ."
6 სექტემბერს, ხარკოვის ფრონტზე, კერძოდ იზიუმის რაიონში რუსების მიერ ოკუპირებულ ბალაკლეაში მძიმე ბრძოლები დაიწყო - უკრაინის შეიარაღებული ძალებმა კონტრ-იერიში დაიწყეს.