"სამხედროებს შორის კავშირის აღდგენა" - მოლოდინები ბაიდენისა და სის შეხვედრისგან

15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში ჯო ბაიდენი და სი ძინფინგი შეხვდებიან - ეს მსოფლიოს 2 ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოების ლიდერთა მეორე შეხვედრა იქნება. 

პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი ჩინელ კოლეგას პირველად ზუსტად ერთი წლის წინ ნიუ-დელიში გამართული დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდა. 

გასული 12 თვის განმავლობაში ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებმა რამდენიმე კრიზისული მომენტი გაიარა, რის შედეგადაც ქვეყნებს შორის კავშირები უფრო გაუარესდა. 

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ საკუთარ საჰაერო სივრცეში ჩინური სადაზვერვო აეროსტატი აღმოაჩინა, რომელიც ქვეყნის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. 

თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო კრიზისული გასული წლის გაზაფხულზე ტაივანზე აშშ-ს კონგრესის იმდროინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი იყო. თვითმართველ კუნძულზე აშშ-ს პოლიტიკური იერარქიის მესამე პირის სტუმრობის შემდეგ ჩინეთმა სრუტის წყლებში სისტემატური სამხედრო წვრთნები დაიწყო. კავშირი გაწყდა 2 ქვეყნის სამხედრო უწყებებს შორის. 

ამერიკელთა მცდელობის მიუხედავად კავშირის აღდგენა ვერ მოხერხდა აეროსტატის კრიზისის მიმდინარეობისას. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მათ ჩინეთთან სამხედრო კომუნიკაციის აღდგენა სურთ, თუმცა ჩინეთი კვლავ ორჭოფობს. 

"ეს არ არის ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები 10 ან თუნდაც 5 წლის წინ, ჩვენ არ ვსაუბრობთ გასაზომი შედეგების გრძელ სიაზე. მთავარი მიზანია კონკურენციის მოწესრიგება, რათა არ შევიდეთ ესკალაციურ სპირალში და შევინარჩუნოთ ღია საკომუნიკაციო არხები.",- ამბობს BBC-სთან საუბარში ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. 

ბაიდენისა და სის შეხვედრა აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შედგება, რომელიც 17 ნოემბერს დაიხურება. 

მაღალი ალბათობით შეხვედრის წამყვანი თემა ტაივანის საკითხი იქნება - სი ძინფინგი შეეცდება ამერიკელი პრეზიდენტისგან დამატებითი გარანტიები მიიღოს, რომ ვაშინგტონი არ დაუჭერს მხარს კუნძულის დამოუკიდებლობას. ტაივანის საკითხი მით უფრო აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წელს კუნძულზე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. 

იმავე ამერიკული წყაროების ცნობით, ჯო ბაიდენი ტაივანის ირგვლივ ჩინეთის სამხედრო აქტივობისა და საფრთხის ზრდის შესახებ ისაუბრებს. 

განსახილველ თემებს შორის იქნება ვაშინგტონის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტექნოლოგიური შეზღუდვები, ჩინეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მაღალი ალბათობით ჩინეთი დათანხმდება ამერიკელთა თხოვნას იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტის შეზღუდვის შესახებ, რომელსაც კარტელები ფენტანილის წარმოებისთვის იყენებენ. 

ცნობილია, რომ სი ძინფინგი დაესწრება დახურულ სადილს მსხვილი ამერიკული ბიზნესის მფლობელებთან - ჩინეთის ლიდერის მაგიდაზე მოსახვედრი ბილეთების ფასი 40 ათასი დოლარია. 

ვაჭრობისა და კონკურენციის საკითხზე უთანხოებების გარდა, სავარაუდოა, რომ ჯო ბაიდენი სი ძინფინგს ირანზე ჩინეთის გავლენის გამოყენებას სთხოვს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილების მიზნით. 

ანალიტიკოსები სის და ბაიდენის შეხვედრისგან გარდამტეხ ცვლილებებს არ ელოდებიან - მათი აზრით ლიდერების ძალისხმევა ძირითადად ურთიერთობების სტაბილიზაციისკენ იქნება მიმართული. 

ჩინეთი ურთიერთობების გაუარესებას ამერიკის შეერთებულ შტატებს აბრალებს - "ამის შესახებ მიმდინარე წლის მარტში გამართულ ყრილობაზე სი ძინფინგმა ღიად განაცხადა, როდესაც მან ამერიკა ჩინეთის ალყაში მოქცევისა და შეკავების მცდელობაში დაადანაშაულა",- ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის ექსპერტი, ჯუდიტ ბლანჩეტი. 

"ჩვენ გვსურს დანამდვილებით ვიცოდეთ აშშ არ შეეცდება ჩინეთის სისტემის შეცვლას, რომ ვაშინგტონს არ სურს ახალი ცივი ომის დაწყება და არ დაუჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას",- ამბობს ჩინეთის ელჩი ამერიკაში. 

ბაიდენის ადმინისტრაციაში მიუთითებენ, რომ ისინი რეაგირებენ ჩინეთის მოქმედებებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის წესებს არღვევს. ჩინური აეროსტატის ინციდენტის შემდეგ, თეთრი სახლი მაქსიმალურად ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას. 

ამ ძალისხმევის ფარგლებში ივნისიდან მოყოლებული ჩინეთში ჯო ბაიდენის კაბინეტის 3 მინისტრი იმყოფებოდა, მათ შორის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც. 

თავდაპირველად ბლინკენის ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში იყო ჩანიშნული და სწორედ აეროსტატის სკანდალის შემდეგ გადაიდო. გასულ თვეებში კავშირების აღდგენის პროცესში ჩინეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს მალტაზე შეხვდა ჯო ბაიდენის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი. 

ცოტა ხნის წინ აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა ვან იც - ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის მთავარი თემა ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის პირისპირ შეხვედრა იყო.

 

მსგავსი სიახლეები