სამხრეთ აფრიკა ჰააგის სასამართლოს ხელმომწერთა სიიდან გასვლას გეგმავს
სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამარლოს წესდების ხელმომწერთა სიიდან ე.წ. რომის სტატუტიდან გასვლას აპირებს.
ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა და მმართველი პარტიის, ნაციონალური კონგრესის ლიდერმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა. ეს არის პირველი მსგავსი შემთხვევა - 2016 წელს მმართველი პარტიის იმავე ინიციატივა უმაღლესმა სასამართლომ დაბლოკა.
მაღალი ალბათობით, გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერს უკავშირდება, რომელიც მიმდინარე წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა.
მიმდინარე წელს სამხრეთ-აფრიკაში BRICS-ის სამიტი უნდა ჩატარდეს, რომელსაც შესაძლოა ვლადიმირ პუტინი პირადად დაესწროს. აქედან გამომდინარე რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება დაემორჩილონ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ვლადიმირ პუტინი ადგილზე დააპატიმრონ და სასამართლოს გადასცენ.
კონტექსტი
საყურადღებოა, რომ რომის სტატუტიდან გასვლის პროცესი სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2016 წელს წამოიწყო. მაშინ გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაბლოკა.
ამ დროიდან მოყოლებული პარლამენტში მიმდინარეობდა შესაბამისი საკანონმდებლო პროცესი, რომელიც რომის სტატუტიდან გასვლას ისახავდა მიზნად. აღნიშნული პროცესი პარლამენტმა გასულ კვირას იმ მოსაზრებიდან გამომდინარე შეაჩერეა, რომ უმჯობესი იქნება ხელმომწერთა სიაში დარჩენა და ცვლილებებისთვის შიგნიდან ბრძოლა.
ამ კუთხით პრეზიდენტ რამაფოსას სიტყვები მოულოდნელი იყო. სავარაუდოა, რომ რამაფოსას განცხადების შემდეგ დაიწყება შესაბამისი პროცესი, თუმცა პროცედურების ხანგრძლივობის გათვალისწინებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პროცესი BRICS-ის სამიტამდე დასრულდება.
თავის მხრივ კრემლში ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინმა სამიტზე მიწვევა სირილ რამაფოსასგან ჯერ კიდევ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მიიღო. დმიტრი პესკოვის თქმით, სამხრეთ აფრიკაში ვლადიმირ პუტინის გამგზავრების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.