სამხრეთ კორეა: სავარაუდოდ კიმის მემკვიდრე მისი 10 წლის ქალიშვილი იქნება

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის არასრუწლოვანი ქალიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდება მამის გარემოცვაში მაღალი ალბათობით, მისი პოლიტიკური მემკვიდრეც გახდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახური ავრცელებს. სამსახურში განმარტავენ, რომ ვითარება ცვალებადია და კიმის გადაწყვეტილება შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. 

კიმ ჩჟუ ე პირველად მამის გარემოცვაში გასული წლის ნოემბერში გამოჩნდა - ის მამასთან ერთად ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას დაესწრო. ამ დროიდან მოყოლებული კიმ ჩჟუ ე თან ახლავს მამას ყველა საჯარო ღონისძიებაზე. 

კიმ ჩჟუ ე დაახლოებით 10 წლისაა, თუმცა მისი დაბადების თარიღი მშობლების მსგავსად ოფიციალურად ცნობილი არ არის. ამ დროისთვის ჩრდილოეთ კორეას კიმების საოჯახო დინასტიის მესამე თაობა მართავს. 

"მისი საჯარო აქტიურობის დეტალური ანალიზისა და მის მიმართ გამოხატული საყოველთაო პატივისცემის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კი ჩჟუ ე მაღალი ალბათობით მამის პოლიტიკური მემკვიდრე გახდება",- ნათქვამია სამხრეთ კორეის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჩრდილოეთ კორეის სპეცილისტები ყურადღებას ამახვილებენ პროპაგანდის ქცევაზე - თუ კი თავიდან კიმების პროპაგანდა კიმ ჩჟუ ეს დიქტატორის საყვარელ შვილად მოიხსენიებდა, ბოლო პერიოდში მას "პატივცემულ ამხანაგად" მოიხსენიებენ. 

ეს ადგილობრივი პროპაგანდის კანონიკაში ყველაზე საპატიო წოდებაა - თავად კიმის მოხსენიება "პატივცემულ ამხანაგად" მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოფიციალურად გადაწყდა, რომ მამისგან ძალაუფლებას სწორედ ის მიიღებდა. 

დეკემბრის მიწურულს კიმ ჩჟუ ე მამასთან ერთად მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას დაესწრო. ნოემბერში ის მამასთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოეთ კორეული წარმოების პირველი სადაზვერვო სატელიტის გაშვების ცერემოანიაშიც. პროპაგანდის მტკიცებით, სატელიტის გაშვება წარმატებული იყო და მან თეთრი სახლების დეტალური ფოტოებიც გადაიღო. 

მსგავსი სიახლეები