სამშაბათს ისრაელს ემანუელ მაკრონი ეწვევა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ქვეყანას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ეწვევიან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუტე ისრაელში ორშაბათს და მაკრონი კი სამშაბათს ჩავა და პრემიერ ნეთანიაჰუს შეხვდებიან.
ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთის შვიდი მოქალაქე ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება: მათგან ერთი, ფრანგი ქალი, დადასტურდა, რომ ჰამასის მიერ აყვანილ მძევლებს შორისაა.
მაკრონმა თქვა, რომ დანარჩენებიც მძევლებად ითვლებიან, მაგრამ ეს ჯერ არ დადასტურებულა.
7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტები ისრაელში შეიჭრნენ და მინიმუმ 1400 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს, მათ შორის საფრანგეთის 30 მოქალაქე იყო.
სოლიდარობის ნიშნად, ისრაელს უკვე ეწვია აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი.
ამერიკის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ისრაელს მხარდაჭერა აღუთქვეს, მაგრამ ასევე ქვეყანას მოუწოდეს პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონებს და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.
ისრაელსა და ჰამასს შორის ომის შესახებ სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, ლიდერები მიესალმნენ დაჯგუფების მიერ ორი მძევლის გათავისუფლებას და მოუწოდეს ყველა დანარჩენი ტყვე დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
ისინი ასევე შეთანხმდნენ გააგრძელონ მჭიდრო დიპლომატიური თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და პოლიტიკური გადაწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.