სანდუ: ჩვენ უსაფრთხოდ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში, გააგრძელებდა ექსპანსიას მოლდოვის ტერიტორიაზე.
ამის შესახებ სანდუმ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"არ მჯერა, რომ ისინი (რუსები - რედ.) საზღვარზე გაჩერდებოდნენ. დღეს ჩვენ უსაფრთხოდ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ", - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ კვირებში, როდესაც ასეთი საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა, ქვეყანა ლტოლვილების მიღებაზე იყო ორიენტირებული.
კითხვაზე, გეგმავდა თუ არა სანდუ მოლდოვას დატოვებას რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემთხვევაში, მან უპასუხა, რომ არა.
"მე დავრჩებოდი (მოლდოვაში - რედ.), მაგრამ ჩვენ ველოდით, რომ მოგვიწევდა დავხმარებოდით რაც შეიძლება მეტ ხალხს უსაფრთხო ადგილას გადასასვლელად, ეს არის რუმინეთი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სანდუს თქმით, რუსები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით "საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობენ."
"მათ სურთ ძველ დროში დაბრუნება. ჩვენ კი ეს არ გვინდა. მოლდოვა იყო ბუფერული ზონის ნაწილი 30 წლის განმავლობაში და ჩვენთვის ეს ნიშნავდა სიღარიბეს, კორუფციას, ცუდ მმართველობას, ემიგრაციას. ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი", - აღნიშნა მან.
როგორც Financial Times-ის ჟურნალისტი აღნიშნავს, მათი საუბრის დროს, "სანდუ იშვიათად სვამდა, მაგრამ უკრაინის გამარჯვებისთვის სადღეგრძელო დალია."