სანდუ: მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ოქტომბერში ჩატარდება
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმი ოქტომბერში ჩატარდება.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
სანდუმ თქვა, რომ მან მოლდოვის პარლამენტს სთხოვა დაეწყო საკონსტიტუციო პლებისციტის პროცედურა, რომელიც დანიშნულია იმავე დღეს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.
"მოლდოვის მოქალაქეების უმრავლესობისთვის ევროკავშირი არის მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტი, ხოლო რუსეთი მუდმივად ცდილობს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას," - თქვა სანდუმ ორშაბათს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ ველით, რომ რუსეთის თავდასხმები და პროვოკაციები გაგრძელდება, მაგრამ მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ შეშინდნენ და მხარი დაუჭირონ პროევროპულ რეფერენდუმს, რადგან ევროკავშირი ერთადერთი ვარიანტია, რომელსაც შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა," - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მისი თქმით, რეფერენდუმი იქნება გარანტია, რომ მოლდოვის პროევროპული ინტეგრაცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ შეჩერდება.
"ეს უნდა დადასტურდეს და ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რათა ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ხალხის ხმა განვითარების ამ მიმართულებისთვის სავალდებულო იყოს პოლიტიკური კლასისთვის," - ციტირებს სანდუს Reuters.
მისი თქმით, რეფერენდუმის საბოლოო თარიღს პარლამენტი აირჩევს. ჯერჯერობით უცნობია, დაუშვებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო რეფერენდუმის იმავე დღეს დანიშვნას, როცა საპრეზიდენტო არჩევნებია.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში ქვეყნის 2030 წლისთვის გაწევრიანება რეალისტური მიზანია.