სანდუ: რუსეთი მოლდოვის არჩევნებში ჩარევისთვის ემზადება

ოთხშაბათს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მასშტაბური ჩარევისთვის მზადებაში დაადანაშაულა.
State Of Play: სანდუს განცხადებით, რუსეთი მიზნად ისახავს მომავალ შემოდგომაზე მოლდოვის კონტროლის ქვეშ მოქცევას.
- უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ კრემლი, სავარაუდოდ, სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებს, მათ შორის პრორუსული ძალების მხარდაჭერას, ქუჩის საპროტესტო აქციების ორგანიზებას მონაწილეთა მოსყიდვით, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებს, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და ინტერნეტ კამპანიას.
- მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის შესაძლო მიზნად დაასახელა საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოვის მოქალაქეების აქტივობის შემცირება, რადგან სწორედ ამ ჯგუფის ამომრჩეველთა ხმები იყო გადამწყვეტი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმსა და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში.
- მან ასევე აღნიშნა, რომ, მისი ინფორმაციით, რუსეთი მხარს უჭერს არა მხოლოდ აშკარად პრორუსულ ძალებს, არამედ ოპოზიციონერ კანდიდატებს, რომლებიც თავს დამოუკიდებლებად და პროევროპულებად აცხადებენ, მაგრამ ამავე დროს ეწინააღმდეგებიან ხელისუფლებას. მიზანია არჩევნების შედეგად ამჟამინდელი მთავრობის შეცვლა.
- პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლება მოლდოვაში პოლიტიკური პროექტების დასაფინანსებლად უკანონო სქემებს იყენებს, მათ შორის კრიპტოვალუტებს.
Big Picture: მოლდოვის ლიდერმა ასევე ისაუბრა მართლმადიდებლური ეკლესიის შესაძლო მონაწილეობაზე მოსკოვის სქემებში და რუსეთი ონლაინ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
- ამასთან, მან გააკრიტიკა სოციალური ქსელი Telegram და განაცხადა, რომ ის არ პასუხობს ხელისუფლების მოთხოვნებს ამ პლატფორმის გამოყენებით საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით.
- "რუსეთის ჩარევა სერიოზულ რისკებს შეიცავს საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, და რაც მთავარია – შეიძლება დრამატულად შეარყიოს ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი ევროპული მომავალი," – განაცხადა სანდუმ.
Context: მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდება.
- ბოლო გამოკითხვების თანახმად, მმართველი "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" ლიდერობას ინარჩუნებს.
- ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის ხელმძღვანელობით წამყვანმა ოპოზიციურმა ძალებმა ცოტა ხნის წინ წინასაარჩევნო ალიანსი შექმნეს, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების "ნორმალიზაციას" და ეწინააღმდეგება ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციას.
- კიდევ ერთი ოპოზიციური ბლოკი სახელწოდებით "გამარჯვება", რომელიც დაკავშირებულია მოლდოვაში დაუსწრებლად მსჯავრდებულ და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოლიგარქ ილან შორთან, საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე არ დაუშვა.
მოლდოვაში 4 პრორუსული, მემარცხენე პარტია მაია სანდუს წინააღმდეგ გაერთიანდა