სარაკეტო შეტევაზე პასუხად ისრაელი ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევას გეგმავს
პირველ ოქტომბერს ბალისტიკური რაკეტებით პირდაპირ იერიშზე პასუხად ისრაელი მომდევნო დღეებში ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებზე მასირებულ შეტევას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, საუბარია ირანის ნავთობის საწარმოებსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე. ასევე არ არის გამორიცხული სამხედრო ლიდერების მკვლელობა და დივერსიული ოპერაციები. გარდა ამისა, განიხილება ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება.
ისრაელის მთავრობის საგანგებო სხდომა იერუსალიმთან ახლოს მდებარე ბუნკერში ირანის სარაკეტო იერიშის პარალელურად გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საპასუხო ზომებზე სხდომაზე არ მიუღიათ.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებას ისრაელის მთავრობა თეთრ სახლთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარეები უკვე მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯი. წყაროს ცნობით, ისრაელი სრულად მხარს უჭერს ისრაელს, თუმცა ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ პასუხი მოზომილი უნდა იყოს.
უკვე ჩანიშნულია ჯო ბაიდენის და ბიბი ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარი. წყაროების ცნობით, ისრაელის შეტევა ირანზე შესაძლოა 2 ოქტომბერს, ებრაულ დღესასწაულ როშ ჰაშანამდე რამდენიმე საათით ადრე განვითარდეს.
კონტექსტი
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიში ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერების, ჰასან ნასრალასა და ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე შურისძიებად გამოაცხადა.
ისრაელის არმიის ინფორმაციით შეტევა 181 ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. რაკეტების უმეტესობა ისრაელისა და რეგიონის ქვეყნებში აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით გაანეიტრალეს, ხოლო რაკეტები, რომელთა განეიტრალებაც ჰაერში ვერ მოხერხდა, ძირითადად ღია სივრცეში ჩამოვარდა და მათ ჩამოვარდნას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია.
ირანული რაკეტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსადის სათავო ოფისი იყო, თუმცა ვერცერთმა ვერ მიაღწია შენობას.
გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ირანი კიდევ უფრო მასირებულ შეტევას განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ირანის განმეორებითი დარტყმის შემთხვევაში "ყველა ოფცია მაგიდაზე რჩება, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე შეტევაც."