სარკოზი: მეორე ტურში ხმას მაკრონს მივცემ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს დაუჭერს.

მაკრონის მხარდამჭერი განცხადება სარკოზიმ, რომელიც კორუფციაშია მსჯავრდადებული და სასჯელს შინაპატიმრობაში იხდის, Twitter-ზე გააკეთა.

„იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომლის მიღებაც მოგვიწევს, მაიძულებს ჩემი არჩევანის შესახებ სრული სიცხადით მიგითითოთ. ხმას ემანუელ მაკრონს მივცემ“, - წერს საფრანგეთის ყოფილი ლიდერი.

„[მაკრონს] აქვს ის აუცილებელი გამოცდილება, რომელიც მწვავე საერთაშორისო კრიზისთან გასამკლავებლადაა საჭირო - რომლის მსგავსი არასდროს გვინახავს. მისი ეკონომიკური პროექტი, ყველა სხვა პრიორიტეტს შორის, მნიშვნელობას შრომის დაფასებას ანიჭებს. მისი ევროპული ჩართულობა ცხადი და ნათელია“, - აცხადებს სარკოზი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი შეერკინებიან, 24 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები