სასამართლომ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა
16 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით სახალხო დეპუტატს, პრო-რუსული პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" ლიდერს, ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ 26 თებერვალს სამართალდამცავებმა სახალხო დეპუტატი სახლში ვერ იპოვეს და 2 მარტს მასზე უკრაინასა და უცხოეთში ძებნა გამოცხადდა.
18 მარტს იმავე სასამართლომ მედვედჩუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, გირაოს ოდენობის განსაზღვრის გარეშე. ახლა, პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ, მოსამართლემ განიხილა საგამოძიებო ორგანოების შუამდგომლობა და აღმკვეთი ღონისძიება ძალაში დატოვა.
"დღეს ქალაქ ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს შუამდგომლობა და სახალხო დეპუტატს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
უკრაინელმა სამართალდამცავებმა პრო-რუსი პოლიტიკოსი 12 აპრილს დააკავეს.
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და პრო-რუსული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერია. 2002-2005 წლებში ის პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციის უფროსი იყო. სწორედ ამ პერიოდში დაუმეგობრდა უკრაინელი ოლიგარქი ვლადიმირ პუტინს, რომელიც მისი შვილის ნათლიაა.