სასამართლომ სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა
18 მარტს ლვოვის სასამართლომ სახელმწიფოს ღალატში ეჭვმიტანილ ოპოზიციური პარტიის ლიდერს და პრო-რუს ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება სასამართლომ დაუსწრებლად მიიღო, რადგან მედვედჩუკის ადგილსამყოფელი უცნობია.
"გამოძიების სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლებმა და გენერალური პროკურატურის პროკურორებმა მიიღეს ზომები ვიქტორ მედვედჩუკზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად", - აზუსტებენ ბიუროში.
გამოძიების სახელმწიფო ბიურო უკრაინელებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, სთხოვს მედვედჩუკის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ.
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და პრო-რუსული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერია. 2002-2005 წლებში ის პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციის უფროსი იყო. სწორედ ამ პერიოდში დაუმეგობრდა უკრაინელი ოლიგარქი პუტინს, რომელიც მისი შვილის ნათლიაა.